Homer's Epic and Love in the Trojan War
Abstract
ჰომეროსი თავის პოემებში „ილიადა“ და „ოდისეა“ გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ, როგორი იყო მისი და, საერთოდ, იმ ეპოქის ქალისადმი დამოკიდებულება, რომელსაც თავად ეპიკოსი ეკუთვნოდა (ძვ. წ. VIII ს.), ან კიდევ, დიდი ომებისა და დიდი სამეფოების იმ გმირული ხანის, რომლის აღდგენასაც ჰომეროსი ცდილობს და რომელიც კლასიკურ ფილოლოგიაში მიკენურ ხანად და ტროას ომის ეპოქად სახელდება (ძვ. წ. XVI-XIII სს.). ქალის სტატუსისადმი ძველი და ახალი დამოკიდებულების შეპირისპირებამ და გვერდიგვერდ წარმოჩენამ მისცა პოეტს საშუალება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპლექსური და ფართო განცხადებები გაეკეთებინა. წარმოდგენილ ნაშრომში კვლევას წარვმართავთ კონკრეტული დეტალების თუ განშტოებების ჩვენებით, რათა დავაფიქსიროთ „ილიადასა“ და „ოდისეაში“ ტროას ომში ქალისადმი დამოკიდებულების, ემოციების, სიყვარულის მოტივის დამუშავების ხარისხი. ამის ნათელყოფას მოვახდენთ იმ წყვილების საფუძველზე, რომლებიც ამოსავალი იქნება ტროას ომის დროს ქალისა და მამაკაცის ურთიერთმიმართების გასარკვევად. ეს წყვილებია: ჰექტორი – ანდრომაქე, ოდისევსი – პენელოპე, ალკინოე – არეთე, ალექსანდროსი – ელენე, მენელაოსი – ელენე, აგამემნონი – კლიტემნესტრა. წარმოდგენილი წყვილები ერთმანეთთან ცოლქმრული ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი. ეს არ არის გასაკვირი, რადგან პოემებში ასახული საზოგადოების, როგორც აქაველების, ისე ტროელების, ძირითადი ბირთვი არის ოჯახი, რომლის მთავარი და სრულფასოვანი წევრები არიან ქმარი, ცოლი და შვილები. ჰომეროსი ცოლქმრული ურთიერთობის იდეალიზაციას ახდენს. მასთან ქალები ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციულ სახეს – უყვართ თავიანთი მეუღლეები, ასრულებენ ჩვეულ ვალდებულებებსა და მოვალეობებს, ზრუნავენ შვილებსა და ქმრებზე. მიუხედავად ამისა, ჰომეროსის დამოკიდებულება ქალისადმი არის სრულიად ახლებური – მან ცოლისა და ქმრის დამოკიდებულება ისეთი რომანტიკული ურთიერთობის დონეზე აიყვანა, როგორიც ლიტერატურაში კარგა ხანს აღარ განმეორებულა (საზოგადოებაში ისედაც არ იყო, სულ ცოტა, კლასიკურ ეპოქამდე – ძვ.წ.V-IV სს). ჰომეროსს აინტერესებს არა ცალკეული მამაკაცი, თუნდაც, გამორჩეული გმირი იყოს იგი, ან ქალი, არამედ – მათი ურთიერთობა, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა, რომლებსაც აქვთ საერთო ტკივილი და ფიქრი მტრების მიმართ და საერთო სიკეთე მეგობრებისადმი. ჰომეროსის აშკარად დადებითი დამოკიდებულება არის იმ საზოგადოების მიმართ, რომელშიც გათანაბრებულია ქალისა და მამაკაცის უფლებები ოჯახშიც და საზოგადოებაშიც. ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, როგორი სიყვარულით საუბრობს ტროას მეფე, დიადი პრიამოსი, კოლხ ასულ ამაძონებზე, რომლებთან ერთადაც მან ბევრი ომი მოიგო და რომელთა დედოფლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესი მამაკაცური ჰქონდათ, ხშირად იყვნენ სიყვარულის ობიექტები.
Fields of Study & Subjects
Classical Antiquity Studies
Classical Studies and Philology
Ancient Mediterranean Archaeology and History
Publication details
- Journal / source
- Kartvelian Heritage
- Publication date
- 29 January 2026