Tetritsqali Alpine Settlement (Yaylas): An Authentic Monument of Georgian Identity in Turkey

View at publisher
Authors: Roin Malakmadze, თამილა ლომთათიძე
Cited by: 0

Abstract

თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის თვითიდენტიფიკაციის მარკერებს წარმოადგენს საერთო ისტორიული მეხსიერება, კულტურული თვითმყოფადობა, გარკვეულ ისტორიულ ტერიტორიასა და ტრადიციულ ეთნოკულტურულ მემკვიდრეობასთან სულიერი კავშირი, რაც განსაკუთრებით კარგადაა შემონახული ქართველთა კომპაქტურად განსახლების არეალსა და იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობას არ განუცდია ადგილმონაცვლეობა. მართალია, აქ ყველგანაა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული წინაპართა ტრადიციები, მაგრამ ტრადიციული ეთნოკულტურის ელემენტების შემონახულობით გამოირჩევა იაილები, მესაქონლეთა სეზონური საცხოვრისები. აქ შექმნილია ერთგვარი კულტურული მიკროკოსმი, სადაც კოლექტიურმა მეხსიერებამ თითქმის სრულყოფილად შემოინახა ქართული ეთნოკულტურული ღირებულებები, ქართველთა ეროვნული იდენტობის ყველა ნიშანი. სტატიაში იაილების ტრადიციული ყოფა და საქმიანობა, რომელიც ფაქტიურად ისეთივეა, როგორიც მათ ისტორიულ სამშობლოში, განხილულია თეთრიწყლის იაილების მაგალითზე. თეთრიწყლის იალაღებზე დევსქელის ხეობის სოფლების – არავეთის, დევსქელის, ბაგინის, შუახევის და სხვ. მოსახლეობის საზაფხულო სადგომებია. დევსქელის ხეობა კარჩხლის ქედიდან იღებს სათავეს და ჭოროხს ბორჩხასთან ერთვის. ხეობის ყველა სოფელს თავისი „მთა“, „იაილა“ აქვს, სადაც ზაფხულობით გადაჰყავთ საქონელი. მის მოვლა-პატრონობასა და რძის პროდუქტების დამზადებას მეშორდე // მემთევრი ქალი ხელმძღვანელობს. აქ, ხანგრძლივი დროით უცხო პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ გარემოში ცხოვრების პირობებშიც კი, ძირძველმა ქართველებმა შეინარჩუნეს მშობლიურ ერთან ეთნიკური იდენტობის განცდა და ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი მარკერები: ენა, წეს-ჩვეულებები, გადმოცემები, ტრადიციები, მატერიალური და სულიერი კულტურის ისეთი ელემენტები, როგორიცაა საცხოვრებლის სრულიად არქაული ტიპი – ყავრით გადახურული ჯარგვალური სახლი სახურავში გამოჭრილი სარკმლით, მიწური იატაკით, კერით – „ოჯაღით“, „შეშის“ ფიცრული ნაგებობები, საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, ფეიქრობის ტრადიციები, შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიციული ფორმები, ქართული გასტრონომიული კულტურა, ზიარეთობა, მემხლიანობის // მენხლიანობის ჩვეულება, „მარსკლავა გოლთან“ (ვარსკვლავა ტბასთან) დაკავშირებული გადმოცემები და რიტუალები, შუანთობა // მარიობის დღესასწაული თავისი დამახასიათებელი ელემენტებით (ხა­რების ჭედვა // ჭედობა, კარდაკარ ჩამოვლა სანოვაგის შეგროვების მიზნით, თეთრწყალზე განბანვის რიტუალი, ფერ­ხულობა, სიმღერები, ცხენების ჭენება // ხტუნაობა, შაირობა, ცეკვა // სამობა) და სხვ. და, რაც ყველაზე მთავარია, რიტუალების უმეტესობა თითქმის უცვლელი, არქაული ფორმითაა შენარჩუნებული და ქართველთა უძველესი რწმენა-წარმოდგენებისა და რიტუალების ავთენტური ფორმით რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა.

Fields of Study & Subjects

Architecture and Cultural Influences Cultural Heritage Management and Preservation Cultural Identity and Heritage

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026