Georgian Captives at Istanbul Market – The Moralizing Aspects of Historical Worldview in Georgian Literature
Abstract
ფეოდალური საქართველოს ერთი თვალსაჩინო და მძიმე მოვლენაა ქართველ ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა. ეს მოუშუშებელი ტკივილი, სამარცხვინო სენი, აფიქრებდა ქართველ მწერლებს. ქართულ კლასიკურ მწერლობაში პირველმა იოანე ბატონიშვილმა „კალმასობაში“ (1813-1828) ხმა აიმაღლა ამ მახინჯი მოვლენის წინააღმდეგ. ალ. ორბელიანის ისტორიული პოემა „კეთილი ბერიკაცი“ (1852) ამ თემას ეხმაურება. ილია ჭავჭავაძის „იანიჩარი“ (1860), აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ (1896), უიარაღოს „მამელუკი“ (1912) უსამშობლოდ დარჩენილი ადამმიანების ტრაგედიის მხატვრულ ხორცშესხმას წარმოადგენენ. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ხელს უწყობდა ადამიანთა ტაცებასა და ყიდვა-გაყიდვას. დასავლეთ საქართველო, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრებოდა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გარეშე მტერთა თარეშისა და შინაომების ასპარეზად იქცა. ტყვეებით ვაჭრობამ განსაკუთრებით მძიმე სახე მიიღო XVIII საუკუნიდან. საქართველოში ადამიანთა ვაჭრობის ფაქტის შესახებ მრავალი ისტორიული წყარო მიუთითებს. ცნობები მრავლად არის წარმოდგენილი კათოლიკე მისიონერთა და მოგზურთა თხზულებებში. ანაკლიიდან სტამბოლამდე მიმავალი გზა უბედურების მომტანად იქცა ქართველებისთვის. ისტორიულმა რეალობამ დიდი დაღი დაასვა ქართულ მსოფლმხედველობას. ქართულმა ლიტერატურამ ისტორიული მოვლენების ამგვარ განვითარებას მორალიზატორული ასპექტით უპასუხა. მხატვრულ ტექსტებში ტყვეთა გამყიდველების დაცემული ზნეობაა მხილებული. გადმოცემულია გულისტკივილი და წუხილი სამშობლოსათვის დაკარგული, სხვისი ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ქართველი ჭაბუკების გამო („იანიჩარი“, „მამელუკი“). მაგალითის მიმცემად და ზნეობრიობის გამომხატველ პერსონაჟებად არიან წარმოდგენილი სასულიერო პირები: მღვდელი მარკოზი („მამელუკი“), ბერი იოანე („კალმასობა“). ნათლად ჩანს, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა სარწმუნოებას ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენაში. ღიად ისმის მოწოდება სინანულისა და სიკეთისაკენ. მოქალაეობრივი შეგნებისა და დიდი სულიერების მატარებელ პიროვნებებად არიან წარმოჩენილი ქართველი ქალები, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა („ბაში-აჩუკი“, „მამელუკი“). ფეოდალური არისტოკრატიის გაუტანლობასა და ვერაგობას უპირისპირდება მაღალი ზნეობა და თავდადება. ისტორიულად უაღრესად მძიმე მოვლენის მორალიზატორულ ასპექტში წარმოჩენამ ხელი შეუწყო ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული ეროვნული ნიჰილიზმის შესუსტებას.
Fields of Study & Subjects
Historical and Literary Analyses
Historical
Literary
and Cultural Studies
Literature: history
themes
analysis
Publication details
- Journal / source
- Kartvelian Heritage
- Publication date
- 29 January 2026