On the History of Laz/Chan Hereditary Names: Platei and Mkhujui
Abstract
ლაზურში/ჭანურში, ისე როგორც ჭოროხის აუზის სხვა ქართველურ ეთნოგრაფიულ ჯგუფებში, რომლებიც თურქეთში მოსახლეობენ, გვარის, კერძოდ, გვარ-სახელის აღმნიშვნელად უპირატესად თურქული წარმომავლობის ტერმინი „სოჲადი” გვხვდება, ხოლო გვარის მცირე გენეალოგიური ჯგუფის ზოგად სახელწოდებად ლაზურმა/ჭანურმა ძველი ქართველური ლექსიკური ერთეულები – „ფლატეჲ” და „მხუჯუჲ” შემოინახა, რომელთაც თურქულიდან დამკვიდრებული სიტყვა „სულალე” ანდა „ყებილე” შეესაბამება. ლაზური/ჭანური „ფლატეჲ” შინაარსობრივად საგვარეულოში გენეალოგიური ჯგუფის ადგილსა და მნიშვნელობას ზუსტად ასახავს. იგი, ერთი მხრივ, ქართულში (ხევსა და ფშავში) „ნაგლეჯს”, „ნაფლეთს”, ხოლო, მეორე მხრივ, სისველისაგან ჩამონგრეული მიწის პირს, მდინარის ჩამონგრეულ კიდეს, ნაპირს ნიშნავს. ასევეა „მხუჯუჲ’ც”. ლაზურში/ჭანურში „მხუჯუჲ” საერთო წარმომავლობას შეესაბამება და მასში ერთი ჩამომავლობის ადამიანთა ერთობა იგულისხმება. ადვილი შესაძლებელია ლაზური/ჭანური „მხუჯუჲ” კულტურულ-ტიპოლოგიური თვალსაზრისით სვანური „ლამხუბ’ის” – საძმოს მსგავსი ყოფილიყო, რომელიც მხარში დგომას, თანადგომას გამოხატავდა, თუმცა არაა გამორიცხული ამ ტერმინთა არა მარტო ტიპოლოგიური, არამედ ფონეტიკური კავშირიც. საველე-ეთნოგრაფიული და ლიტერატურული წყაროების საფუძველზე არაერთი საინტერესო ლაზური/ჭანური მემკვიდრეობითი სახელია დადასტურებული, რომელთაგან ყურადღებას იქცევს ბექირიში, ვანილიში (ვანლიში), ჯევარიში (ჯევაიში), მემიშიში, კახაილიში, აზაკლიში (აზაკიში), ჩებიში (ჩეფიში), შეერიში, კარალიში, ქელერჯიში, კეფალიში, მოშნალიში, აჭარალიში, ბუიქლიში, დალალიში, დიშლიში, იამფერიში, კასიმიში, ხალილიში (ხოფის სოფელ მხიგში მცხოვრები გენეალოგიური ჯგუფის სახელწოდება), დემირალიში, შაქარიში, თერზიში, იაჯიში. ბოლო ხანებში მკვლევართა მიერ XVII-XVIII საუკუნეების ოსმალურენოვან წერილობით წყაროებში ლაზურ/ჭანური სუფიქსებით ნაწარმოები არაერთი გვარი და მემკვიდრეობითი სახელი გამოვლინდა. ოსმალურ წყაროებში დასტურდება სუფიქსები შემდეგი მემკვიდრეობითი სახელებით: -ვა: ფელაღრივა, ასტრაგავა, თალახვა, ქარდაღვა, ხორავა, პაპავა, იოვანვა, ტურტევა, კოკოვა, კოჩივა, ჩეჩევა, ფართივა, ჭანივა, გუგავა, კუკავა (კოკავა), ფოჩხვა, თევდორავა, დადივა; -ია: მელია, ფილანია, ქეშანია, იქსენია, ბეგია, შალვაია, კახაია, მანია, ბასილია, სალია; -სკირი: პასკირი, პაპასკირი, პაპასკური, პეტრესკირი, სავასკირი, მათესკირი, ქესკირი, კოკასკირი. ოსმალურ წყაროში, ასევე, ვხვდებით -უა’სა (მელუა, მორხუა) და -იან’ზე/-ან’ზე (კვარსანი, ქეთუშანი, კოდიანი, ჯაჯივანი, ანდვანი) დაბოლოებულ მემკვიდრეობით სახელებსაც. გვიანი შუასაუკუნეების ოსმალურ წყაროებში გამოვლენილ ბოლოსართთა თავისებურებები გვიჩვენებს, რომ საქართველოს შავიზღვისპირეთში შუასაუკუნეებში არსებობდა ერთიანი მეგრულ-ლაზური/ჭანური (კოლხური) ეთნოსოციალური და ეთნოლინგვისტური სივრცე, სადაც მემკვიდრეობით სახელწოდებათა მსგავს წარმოებასთან გვქონდა საქმე. ამასთან, გენეალოგიური სისტემის სტრუქტურა ტიპოლოგიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოდგენილი პატრონიმიული ორგანიზაციის სტრუქტურის ანალოგიური იყო, რაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს ვრცელ ტერიტორიაზე ზანებისა (კოლხების) და იბერიულ-ქართ’ული მონათესავე ეთნოგრაფიული ჯგუფების გენეტიკურ, ეთნოკულტურულ და კულტურულ-ისტორიულ კავშირს.
Fields of Study & Subjects
Linguistics and language evolution
Linguistics and Cultural Studies
Cultural and Sociopolitical Studies
Publication details
- Journal / source
- Kartvelian Heritage
- Publication date
- 29 January 2026