Niyazi (Ahmet) Banoğlu (Banelishvili)’s For Love: A Historical Novel Portraying the Lives of Giorgi Saakadze and Queen Ketevan the Martyr

Read full text
Authors: ავთანდილ ნიკოლეიშვილი
Cited by: 0

Abstract

ეთნიკური წარმომავლობით ქართველი მწერლის – ნიაზი (აჰმედ) ბანოღლუს (ბანელიშვილის. 1913-1992 წწ.) ლიტერატურული მემკვიდრეობა დღესდღეობით თითქმის სრულიად უცნობია საქართველოში. მწერლის შემოქმედებით ჩემი დაინტერესების განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორად არა მარტო მისი ქართული წარმომავლობა იქცა, არამედ ისიც, რომ მისი მხატვრული ნააზრევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ქართულ თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული რეალიების წარმოსახვა წარმოადგენდა. კერძოდ, სტამბოლში 1940 წელს გამოცემულ თავის რომანში – „სიყვარულისთვის“ მან თურქულ არქივებში თავის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით მოგვითხრო გიორგი სააკაძისა და ქეთევან წამებულის ტრაგიკული ცხოვრებისეული თავგადასავალი. ნიაზი ბანოღლუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. კერძოდ, თავისი მწერლური შესაძლებლობები მან შთამბეჭდავი ფორმით გამოავლინა როგორც ორიგინალურ მხატვრულ და პუბლიცისტურ ქმნილებებში, ისე ქართველ მწერალთა შემოქმედებიდან თურქულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული მხატვრული ტექსტებით. ნიაზი ბანოღლუ ქართული წარმომავლობის პირველი თურქი მწერალია, რომელმაც ხსენებული ეთნიკური წარმომავლობის ავტორთაგან თურქული ლიტერატურის ისტორიაში პირველმა დაუდო სათავე ქართულ თემატიკას. კერძოდ, გიორგი სააკაძისა და ქეთევან წამებულის ცხოვრებისეული ხვედრის ამსახველი თავისი რომანით მან ძირითადად ისტორიული სიმართლით მოგვითხრო ხსენებულ პიროვნებათა ტრაგიკული თავგადასავლების წარმომჩენი მოვლენები. ამ მიზნით მას საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი აღნიშნულ რეალობასთან დაკავშირებით თურქულ არქივებში დაცული დოკუმენტებიცა და თურქ, ქართველ და სპარს მემატიანეთა მემუარული ჟანრის ტექსტებიც. ნიაზი ბანოღლუს რომანის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ღირსებად უნდა მივიჩნიოთ ის გარემოებაც, რომ გიორგი სააკაძეს იგი, პირველ ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულ იმ პიროვნებად წარმოაჩენს, რომლის იდეალსაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა წარმოადგენდა.

Fields of Study & Subjects

Historical and Literary Analyses Literature: history themes analysis Biographical and Historical Analysis

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026