Philosophical Aspects of Georgian-Turkish Cultural Interactions

Read full text
Authors: Badri Porchkhidze
Cited by: 0

Abstract

ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების ფილოსოფიური ასპექტები მრავალმხრივ და ღრმა თემატიკას უკავშირდება, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს, არამედ კულტურებს შორის ჩამოყალიბებულ მრავალმხრივ კავშირებსაც, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა სხვადასხვაგვარ სააზროვნო ფორმებსა და სულიერ მემკვიდრეობაზე. ორივე კულტურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ზნეობრივი ქცევისა და სულიერი ღირებულებების ზოგად-მსოფლმხედველობრივ ორიენტირებს, რომლებიც განისაზღვრებოდა როგორც სოციალურ-პოლიტიკური, ასევე მორალურ-ეთიკური და რელიგიური ცნობიერების უმნიშვნელოვანი მახასიათებლებით. კულტუროლოგიურ ფორმატში ეს ურთიერთობები შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სოციალურ-კულტურული და რელიგიურ-ფილოსოფიური დიალოგი, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთგაგების, თანხმობის, ერთობის, კეთილგანწყობილებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის სინერგიას წარმოქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ქართული და თურქული ზოგადმსოფლმხედველობრივი მიდგომები, დროის ფენომენთან მიმართებით, ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ შორის მაინც მოიძებნება ურთიერთთანაზიარი შეხების წერტილები. მაგალითად, ქართულ ფილოსოფიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას და წარსული ცხოვრების გამოცდილების წარმმართველ როლსა და ფუნქციას, ხოლო თურქული ფილოსოფიის მიხედვით, დროის აღქმა უმეტესად ეფუძნებოდა როგორც პიროვნულ, ისე კოლექტიური აქტივობის მიზანდასახულობას, რაც ძირითადად დღევანდელი აწმყოდან ხვალინდელი მომავლისკენაა მიმართული; ამიტომაც ამ განსხვავებებმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო მათ კულტურულ ურთიერთობებს, რომელთა საფუძველზეც ორივე მხარე ახერხებდა თითოეულის კულტურული გონის სიღრმისეულ გაგებას. თურქული და ქართული აზროვნების კულტურის წიაღში შეგვიძლია წარმოვაჩინოთ, აგრეთვე, არაერთი მდიდარი და ნაყოფიერი ეპოქა, ლიტერატურულ-ფილოსოფიური მემკვიდრეობის გაცნობის კუთხით, სადაც, ასევე, შეგვიძლია გამოვყოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძალზე პოპულარული წარმომადგენელი, ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ეპოქაში – ჯალალ ედ-დინ რუმის, იუნუს ემრესა და ჰაჯი ბექტაში ველის, ქართველთაგან – იოანე პეტრიწის, ეფრემ მცირის, შოთა რუსთაველის სახით, რომლებმაც ფართოდ გაითქვეს სახელი როგორც მახლობელ, ასევე შორეულ რეგიონებშიც, იმდენად, რამდენადაც თვითონ იყვნენ აღმოსავლური რენესანსის მესიტყვეები, რომელთა წვლილიც მსოფლიო კულტურაში მეტად ფასდაუდებელია. მომდევნო პერიოდებიდან, საერთო იდეებისა და სოციალურ-პოლიტიკური იდეების მსგავსების კუთხით, ასევე, არანაკლებ ანგარიშგასაწევია მე-19 ს. დასასრულისა და მე-20 ს. პირველი პერიოდის თურქი და ქართველი მოღვაწეების შემოქმედებითი საქმიანობაც, როდესაც თავ-თავიანთი ქვეყნების საზოგადოებრივ-კულტურული საქმიანობის სარბიელზე მოგვევლინენ ისეთი გრანდიოზული წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: თურქთაგან – ზია-გიოქალპი, აჰმედ-აღაოღლუ, ბაჰა ტევფიკი, ხოლო ქართველთაგან – ილია ჭავჭავაძე, არჩილ ჯორჯაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი და სხვა მრავალი.

Fields of Study & Subjects

Historical Turkish Studies Philosophy and Historical Thought Comparative and World Literature

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026