The Poetry of Nuri Efendi Tavdgiridze – the Muhajir Georgian

Read full text
Authors: Elza Putkardze
Cited by: 0

Abstract

როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შედეგად, ქართველი ხალხის ერთმა ნაწილმა დატოვა სამშობლო და უცხოეთში გადაიხვეწა. მათ იქაც გაანედლეს ქართული მხატვრული სიტყვა, შექმნეს ქართული პროზისა და პოეზიის ნიმუშები. ნაშრომში სწორედ ერთი მუჰაჯირი ქართველის – ნური ეფენდი თავდგირიძის პოეზიის შესახებაა საუბარი. კვლევის მიზანია მისი ლექსების შესწავლა, შეფასება-ანალიზი და გაცნობა მკითხველისათვის. სამწუხაროდ, ჩვენამდე მისი ლექსების ნაწილია მოღწეული და მიკვლეული, ხოლო დღიურები, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჩანაწერები სოფელში გაჩენილ ცეცხლს გაუნადგურებია. მოძიებული მასალით გარკვეული წარმოდგენა გვექმნება მისი პოეზიის შესახებ და შესაძლებელია მისი შემოქმედების მთავარი თემისა თუ ქვეთემების გამოკვეთა. არის რამდენიმე ლექსი, რომელიც თქმის ფორმითა და შინაარსით სახასიათოა და ნური ეფენდი თავდგირიძეს ემოციური ხელწერის ავტორად წარმოგვიდგენს. ნური ეფენდი თავდგირიძის ლექსები ტკივილიან-სევდიანი ამონაკვნესებია. მან არაერთი ლექსი მიუძღვნა ისტორიულ ადგილებსა და პიროვნებებს, ზოგჯერ სიყვარულსაც, მაგრამ ლექსების ძირითადი ნაწილი სამშობლოს მოშორებით გამოწვეული განცდებისა და მშობლიური სამოსახლოს ზღვარდაუდებელი მონატრების ტკივილიანი ეპოპეაა. ლექსები მისი სულიერი ბიოგრაფიის ეპიზოდებია და ღრმად გვახედებს მის შინაგან სამყაროში. გვაცნობს მუჰაჯირი კაცის სულის მოძრაობას. კერძოდ, სამშობლოს დატოვებით გამოწვეული განცდების წუთებიდან დაწყებული, უკვე გაჭაღარავებული, თმაგათეთრებული მუჰაჯირის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. თუმცა ნაღველი, დარდი, ტკივილი მისი ყოველდღიურობის თანმდევია, რამეთუ „მშობელ მიწას სხვანაირი გემო აქვს“ და მონატრება გაუსაძლისად ქცეულა მისთვის. სათქმელი უდიდესი ემოციითაა მოტანილი მკითხველამდე ისე, რომ მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით არაა განებივრებული. მიგვაჩნია, რომ არც საჭიროებს სათქმელი სხვა ხერხს, რამეთუ მის მაგივრობას ტკივილი ასრულებს. ნაშრომში ნური ეფენდი თავდგირიძის სევდითა და განცდებით დამძიმებულ სულიერ მდგომარეობაზეა საუბარი. მისი ლექსების გაცნობა კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მისი პოეტური ნააზრევი ოდენ ემიგრანტული პოეზიის კუთვნილებად არ უნდა დარჩეს და მას უნდა იცნობდეს მისი ნატრული სამშობლო, მკითხველთა ფართო წრე. აქვე დავძენთ, შესაძლებელია, რომ რამდენიმე ლექსმა ქართული პოეზიის ისტორიაში მოკრძალებული ადგილიც დაიჭიროს.

Fields of Study & Subjects

Poetry Analysis and Criticism Comparative and World Literature Turkish Literature and Culture

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026