"Where Troy Once Was" (Ovid. "Heroids". 1.1.53)
Abstract
ძველად არავინ დავობდა იმის შესახებ, რომ ჰომეროსი თავის პოემებში „ილიადა“ და „ოდისეა“ მხოლოდ გამოგონილ ამბებს ჰყვებოდა, მაგრამ XIX საუკუნეში, 1873 წლის 5 აგვისტოს, გერმანელმა მოყვარულმა არქეოლოგმა, ჰაინრიხ შლიმანმა, განცხადება გააკეთა თურქეთის ტერიოტორიაზე ტროას აღმოჩენის შესახებ და ჰომეროლოგიაში ბევრი საკითხი თავდაყირა დადგა. გაჩნდა იმის ალბათობა, რომ თუ არსებობდა ტროა, არ იყო გამორიცხული, ჰომეროსის ეპოსში, გარკვეულწილად, რეალური ამბები ყოფილიყო მოთხრობილი. თითქმის 40 წლის წინ ეს მოსაზრება გაამყარა ინგლისელი ტიმ სევერინის ექსპედიციამ, რომელმაც განვლო ის მარშრუტი, რომელიც, ჰომეროსის მიხედვით, ტროადან წამოსულმა ოდისევსმა გაიარა მშობლიურ კუნძულ ითაკამდე და გზადაგზა ბევრი საინტერესო თანხვდომა იპოვა ჰომეროსის პოემებთან. წარმოიქმნა მთელი მიმდინარეობაც კი − ჰომეროსის არქეოლოგია. სტატიაში შევეცდებით ვისაუბროთ, როგორ იქცა ჰომეროსი და ტროა, ძველი ბერძნული ცივილიზაციის პირველი ლიტერატურული ძეგლი და ევროპული ერების კოლექტიური იდენტობის ფუნდამენტური ელემენტი, თურქული კულტურული მეხსიერების ნაწილად; შესაბამისად, თურქეთში სახელმწიფოცა და ხალხიც როგორ თვლის მოვალეობად მასზე ზრუნვას და არ არის გასაკვირი, რომ იქ უფრო მეტი თურქი ხვდება ხოლმე ვიზიტორებს, ვიდრე ტურისტები; როგორ შთააგონებს ევროპული კულტურის ისტორია - ჰომეროსის მემკვიდრეობა, თურქულ კულტურულ ტრადიციებს; როგორია ჰომეროსის ეპიკური პოეზიის ფუნქცია ოსმალეთის იმპერიასთან მიმართებით და ტროას არქეოლოგიური კვლევების და კულტურული მემკვიდრეობის პერსპექტივები თურქეთში; როგორ დადგინდა რეგულაციები ტროას შემდგომი შესწავლის მიზნით გასული საუკუნის დასაწყისში. შევეხებით „ილიადას“ თურქულენოვან თარგმანებს და სხვა. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჰომეროსი „ილიადაში“, ტროას ომში, ტროელთა მოკავშირეებს შორის, მოიხსენიებს ჰალიძონებს ალიბეს ქვეყნიდან, რომელთაც უკვე ძველები ერთ-ერთ ქართველურ ტომთან, ხალიბებთან აიგივებდნენ. ასევე, პრიამოსი, ელენესთან დიალოგში, ახსენებს კოლხ მებრძოლ ასულებს, ამაძონებს, რომელთა მოკავშირეობითაც წარსულში ბევრი ომი მოუგია. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჰომეროსის თვალსაწიერში, გარკვეულწილად, მოექცა ქართველური სამყაროც. შესაბამისად, ჰომეროსი პირველი ევროპელი მწერალია, რომელიც უძველესი კოლხეთის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას დიადი მიკენური წარსულისა და ტროას ომის კონტექსტში.
Fields of Study & Subjects
Classical Antiquity Studies
Classical Studies and Philology
Ancient Mediterranean Archaeology and History
Publication details
- Journal / source
- Kartvelian Heritage
- Publication date
- 29 January 2026