Ispiri District (İspir İlçe) in Turkish Wikipedia
Abstract
ისპირის რაიონი (ილჩე) თურქეთის რესპუბლიკის ერზრუმის პროვინციის (ილის) შემადგენლობაშია. იგი მდებარეობს მდინარე ჭოროხის ზემოწელზე. წინათ იგი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი იყო და იწოდებოდა როგორც სპერი. რაიონში ამჟამინდელი ოფიციალური ნომენკლატურით არის 89 სოფელი. ცენტრალური დასახლება, ანუ რაიონის ცენტრი არის ქალაქი ისპირი. სპერის არაერთი დასახლებული პუნქტი უძველესი დროიდან იხსენიება ქართულ თუ უცხოურ წყაროებში. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს რეგიონი ჭოროხის აუზის სხვა „ქვეყნებთან“ შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი. კომპლექსური კვლევების პროცესში ბუნებრივად ჩნდება ინტერესი ელექტრონული საინფორმაციო სივრცის მიმართ. ნაშრომი, სხვა წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურასთან ერთად, ძირითადად ეყრდნობა თურქული ვიკიპედიის მონაცემებს, ასევე, ჭოროხის აუზის ექსპედიციებში წლების განმავლობაში მოპოვებულ საველე მასალებს. ვიკიპედიის განყოფილება თურქულ ენაზე 2002 წლიდან არსებობს. იქ წარმოდგენილია ინფორმაცია საზოგადოდ ქვეყნის და კერძოდ ჭოროხის აუზის დასახლებათა შესახებ. ცალკეული სოფლებისთვის დათმობილი გვერდი სტანდარტულია და მოიცავს ინფორმაციას სოფლის ისტორიისა და მდებარეობის შესახებ. მოცემულია რუკები, ცნობები მოსახლეობის რაოდენობაზე. ასევე, სტატიის რედაქტირების ისტორია, გამოყენებული წყაროებისა და ლიტერატურის სია და ა.შ. საისტორიო ქრონიკაში წარმოდგენილია ინფორმაცია სოფლის ძველი სახელის შესახებ, ზოგჯერ განმარტებულია ფუძესიტყვის მნიშვნელობაც. აღწერის ძველი ოსმალური დავთრების (ძირითადად გამოყენებულია 1642 და 1835 წლების დავთრები. ასევე, ზოგჯერ, 1896 წლის ან სხვა აღწერები) საფუძველზე მითითებულია ძველ ეპოქებში ოჯახების რაოდენობა რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა გარკვეული საინფორმაციო ჩარჩო, ზოგადი სტანდარტი, თუმცა ზოგჯერ ეს სტანდარტი დარღვეულია და ინფორმაცია გაცილებით უფრო ფართოდ და საინტერესოდ არის წარმოდგენილი. შეიძლება მსჯელობა სტატიათა რედაქტირების პროცესის, ინფორმაციის სუბიექტური და ობიექტური შრეების მიმართებათა შესახებაც.
Fields of Study & Subjects
Historical Turkish Studies
Wikis in Education and Collaboration
Linguistics and Cultural Studies
Publication details
- Journal / source
- Kartvelian Heritage
- Publication date
- 29 January 2026