Identity of the Descendants of Kobuletian Muhajirs (Age and Gender Aspects)

Read full text
Authors: Mzia Khakhutaishvili, Nana Tsetskhladze
Cited by: 0

Abstract

ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლები თურქეთში ყველაზე კომპაქტურად სახლობენ. მათი ეთნიკური იდენტობა დინამიკურია, მულტიფაქტორულია და დამოკიდებულია როგორც კულტურულ მეხსიერებაზე, ასევე სოციოკულტურული გარემოს გავლენაზე. კვლევამ გამოავლინა ასაკობრივი და გენდერული ფაქტორების მნიშვნელოვანი როლი კულტურის შენარჩუნებასა და ტრანსფორმაციაში. მასალები ასახავს კულტურათ-შორის დიალოგებსა და კონფლიქტებს. ასიმილაციის ნაცვლად გამოიკვეთა ქართული სამეურნეო გამოცდილების გავლენა თურქებზე, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დანერგვაზე (თხილი, ხურმა, კარტოფილი), თუმცა დღეს ეკონომიკურად თურქები უფრო ძლიერნი არიან. გენდერული სხვაობა მკვეთრად გამოხატულია ქორწინების, გლოვის წესებსა და კულინარიაში. ქალები არიან კულტურული მეხსიერების მთავარი მატარებლები. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს გლოვის წესებსა და სამზარეულო პრაქტიკაში. ქართულ კერძებსა (ღომი, (მ)ჭადი, ფხალი) და ტრადიციულ კულინარიულ ტერმინებთან (მალახტო, ფხალ-ლობიო, ლეჩერი, ხაჭაპური) ერთად ფართოდ გავრცელებულია თურქულიც (ჩორბა, სურუნჯი, ტათლი, ბორეღი). ინგრედიენტების (მწვანილები, თხილი, კაკალი) გამოყენების მხრივაც ქართული და თურქული კულინარია განსხვავებულია. საქორწილო სუფრისთვის მეტწილად ქართულ კერძებს ამზადებენ. გლოვისა და მიცვალებულის დაკრძალვის წესები მუსლიმურია (მიცვალებულს იმავე დღესვე ასაფლავებენ, ჭირისუფალი შავებით არ იმოსება). ქრისტიანული კვალი შენარჩუნებულია ფრაზეოლოგიზმებში (მამა გიცხონდა, მამაცხონებული); შელოცვებში მოიხსენიება წმინდა გიორგი. კულტურული მეხსიერება ჩანს იდიომში: „რუსი ხუმ არ მოგდევს?” უფროსი თაობა კარგად ფლობს ქართულს, ახალგაზრდობა ქართულ საუბარს იგებს, მაგრამ ქართულად ვერ ლაპარაკობს. ისინი განათლებას თურქულ ენაზე იღებენ და ენობრივი იდენტობის შენარჩუნებაში მათი როლი ასაკოვან თაობასთან შედარებით შესუსტებულია. სტუმარმასპინძლობის ტრადიციები ძირითადად დაცულია, დღესდღეობით შერეული ქორწინება მიღებულია, მაგრამ რამდენადმე შენარჩუნებულია ტენდენცია, ქართველი თურქს არ გაჰყვეს ცოლად. ახალგაზრდები თავად აკეთებენ არჩევანს, მშობლების როლი შესუსტებულია, შუამავლისა – იგნორირებული, ხოლო ქალის მოტაცება და ზოგიერთი ტრადიცია (ღამის ქორწილები, გევეზობა, სუფრის დაკავება) თითქმის დავიწყებულია. იდენტობა ყველაზე კარგადაა დაცული სამზარეულო ტრადიციებში, თუმცა სარწმუნოებრივი იდენტობის გავლენა დიდია: ტირილსა და ქორწილში ღვინო არ ისმება. ხანდაზმული თაობა ახალგაზრდებისგან განსხვავებით ინარჩუნებს როგორც ენობრივსა და კულტურულ იდენტობას, ისე ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას.

Fields of Study & Subjects

Diaspora migration transnational identity Cultural and Sociopolitical Studies Cultural Identity and Heritage

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026